Sunday, May 1, 2011

ჩემი საყვარელი მხატვრები

                                                              ნიკო ფიროსმანი


ნიკო ასლანის ძე ფიროსმანაშვილი დაიბადა 1862
წელს. მომავალ მხატვარს მამა ადრე გარდაეცვალა და დედის მზრუნველობის ქვეშ
იზრდებოდა. პატარა ცდილობდა დედას როგორმე შეშველებოდა და საკუთარ
პირუტყვს უვლიდა.
დილით ადრე გარეკავდა ხოლმე სოფლის მახლობლად გორებზე ძროხებსა და
ხარებს,მთელი დღე თან დასდევდა.როცა კავკასიონის მთებიდან მზე
ამოცურდებოდა,პატარა დიდხანს უყურებდა მზის სხივებით აზურმუხტებულ თოვლით
დაფარულ ალაზნის ველსა და ვერცხლისფერი ზოლივით შემოვლებულ ალაზანს,
მაგრამ ეს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. ერთ დღეს მირზაანს უცხო
სტუმრები ეწვივნენ,მათი უფროსი იყო მიწისმზომავი ალექსი. მთელი დღე
სტუმრები დადიოდნენ და ჩანახაზებს აკეთებდნენ. პატარა ნიკოც მათ
დასდევდათ, როცა მათ უბანში მივიდნენ, ნიკომ სტუმრებს თავიანთი სახლი
აჩვენა. ეზოში ტრიალებდა 14-15 წლის ახალგაზრდა ქალი. ალექსიმ ბავშვს
ჰკითხა:-ეგ გოგონა რა არის შენიო. ნიკომ დაუფიქრებლად მიუგო:-და. ალექსიმ
წყალი ითხოვა. ნიკოს დამ მარიამმა თიხის ხელადით გამოუტანა სტუმრებს
წყალი.ალექსიმ თვალი ვეღარ მოაშორა ქალსა და ამხანაგებს უთხრა:ახლა კი
დავიჯერებ ძველ ნათქვამს: "სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი
შენიო." მეც ამ გოგოს ისეთ თვალზე შევხედე, რომ აუცილებლად ცოლად უნდა
შევირთოო. სტუმრებს ახლა სონა ღორაშვილი გამოეხმაურა. ალექსიმ სიმპატიურ
ქალს თავის გული გადაუშალა და შუამავლობა სთხოვა.ისიც დათანხმდა. გაჩაღდა
საქორწინო სამზადისი.პატარა ნიკო გახარებული დარბოდა, შეუყვარდა სიძე,
რომელიც ხშირად უყვებოდა ქალაქის ამბებს. ორიოდე კვირის შემდეგ კი ალექსი
მეუღლესთან ერთად თბილისში წასულა და თან პატარა ნიკოც წაუყვანია.
უფიქრია, უცხო გარემოში მარიამს ძმა რომ ახლოს ეყოლება, აღარ ინაღვლებსო.
გარდა ამისა, სადმე მდიდრის ოჯახში მივაბარებ, ზრდილობას, წერა-კითხვას
ისწავლის და კაცი დადგებაო.
მომავალი მხატვარი პირველად გაკვირვებული უყურებდა ქუჩისპირას
ჩამწკრივებულ დუქნებს, ქვაფენილით მოკირწყლულ გზებს და ქუჩებში მოსიარულე
ეტლებს. მაგრამ პატარას მალე მოენატრა თავიანთი წნულის ქოხი, ნაცარა
თხა,კრუხი და მამალი, დედის ალერსი და თანატოლებთან თამაში. უკვე ქალაქის
ცხოვრებამ ბავშვის თვალში დაკარგა მიმზიდველობა და თავის დას ხშირად
ეკითხებოდა: "აქედან საით არის მირზაანიო." დაც ცდილობდა გაერთო თავის
მეოცნებე ძმა და უყვებოდა მირზაანის,მშობლების, სოფლელი თანატოლების
ამბებს. მაგრამ ღმერთმა ნიკოსთვის ეს ბედნიერებაც შეიშურა. თბილისში
ხოლერამ იფეთქა. ავადმყოფობა მთელ ქალაქს მოედო. ერთ დღეს მარიამიც ავად
გახდა და რამოდენიმე დღეში გარდაიცვალა.მძიმე გახდა ნიკოსათვის ქალაქში
ყოფნა, იმ ქალაქში, სადაც მშვენიერი და დაეღუპა. რა ექნა მარტოხელად
დარჩენილ მამაკაცს, როგორ მოევლო პატარა ბავშვისათვის? ადგა და
ქალანთაროვების ოჯახში შინამოსამსახურედ დააყენა პურის ჭამაზედ. ამ
ამბავმა სოფელშიც ჩამოაღწია. ნ. ფიროსმანაშვილს ქალანთაროვების ოჯახში
სამზარეულოში მიუჩინეს ადგილი.მის მოვალეობას შეადგენდა: სამოვრის
ადუღება,წყლის მოტანა, ჭურჭლის გარეცხვა და ა.შ. ამ დროს ქალანთაროვებს
უცხოვრიათ თათრის მოედანთან ახლოს და ჰქონიათ საკუთარი სახლი.
ნიკო ქალანთაროვების ოჯახის წევრებს ყველას უყვარდა, განსაკუთრებულ პატივს
სცემდნენ. ქართული წერა-კითხვა შეასწავლა ანა ბეკოსეფოვმა. მან ასე
დაახასიათა ნიკო-"პატარა ნიკო ძალიან გონიერი ყმაწვილი იყო. მას უყვარდა
წიგნების კითხვა, ხატვა,მისგან ოთახის კედლები ნახშირით ან ფანქრით იყო მოხატული, რისთვისაც მეცა
და ჩემი უფროსი დაც უჯავრდებოდით, მაგრამ თავისას არ იშლიდა."
ამ მოგონებიდან ირკვევა,რომ ნ.ფიროსმანაშვილს ბავშობის წლებიდანვე
იზიდავდა შემოქმედებითი მუშაობა, კერძოდ, ხატვა, მოგონებაში
ვკითხულობთ:"ერთხელ ჩვენი სახლის სახურავიდან დახატა მშვენიერი სურათი:
გაღმა მდებარე მეტეხის ციხე- ეკლესია." განსაკუთრებით ხაზი აქვს გასმული
მის პატიოსნებას და უანგარობას. "ნიკო ისეთი პატიოსანი და ერთგული იყო,
რომ მას ვანდობდით მთელს ჩვენს ოჯახს,რომელიც მაშინ მდიდარი იყო. ნიკოს
ნივთიერი სიმდიდრე არ აინტერესებდა.მისთვის არსებობდა მხოლოდ ხატვა და
როდესაც კი თავისუფალი დრო ჰქონდა,ხატვაში იყო გართული."
ნიკო ფიროსმანაშვილი მათი დახასიათებით იყო თავაზიანი, ამაყი, რომ ვერავინ
ვერაფერს გაუბედავდა, სისუფთავის მოყვარული და პრინციპული. ამავე დროს იყო
შესანიშნავი დეკლამატორი. იგი ეზოს ბავშვებს ხშირად უამბობდა ზღაპრებს და
მოყოლის დროს თან ქაღალდზე ხატავდა იმ გმირებსა და დევებს, რომელთაც
ახსენებდა თხრობის დროს. ამ ოჯახში იყო განათლებული ქალი ელისაბედ
ქალანთაროვი, რომელიც ნიკოზე უფროსი ყოფილა 10 წლით. იგი ცოლად გაჰყოლია
თბილისელ მოქალაქეს ზურაბ ხანკალამოვს, რომელიც იმ დროს ბაქოში ცხოვრობდა.
ელისაბედი ბაქოდან თბილისში გადმოსულა და ახალგაზრდავე
დაქვრივებულა.ჰყოლია ერთი ვაჟი სოლომონი,რომელსაც ნიკო მეტად
ჰყვარებია.ელისაბედის დაქვრივების შემდეგ ნიკო მათთან გადასულა
საცხოვრებლად.
სოლომონს ბუთლიაშვილთან საუბარში ასე დაუხასიათებია ნიკო:"ნიკო ჩვენ
ყველას ძალიან გვიყვარდა. მართალია, ჩვენ სახლში სხვა მოსამსახურეებიც
გვყვავდა,მაგრამ ნიკო როგორც ჩვენს ნათესავების ოჯახში გაზრდილი,სხვა
მდგომარეობაში იყო ჩვენს სახლში.მას ვანდობდით ყველაფერს." მათივე
გადმოცემით ნიკოს ძალიან ჰყვარებია თეატრი,როდესაც ქალანთაროვების ოჯახის
მანდილოსნები წავიდოდნენ ხოლმე თეატრში,ნიკოც გაჰყვებოდათ, იგი ქანდარაზე
ადიოდა და იქიდან ისმენდა თურმე ოპერას. ხშირად კი სახლის ეზოშიაც
მართავდა ბავშვების ძალებით წარმოდგენებს. ნიკო რომ წამოზრდილა, მას
შეჰყვარებია ამ ოჯახის ახალგაზრდა ქვრივი ელისაბედი. შესაძლოა ელისაბედიც
თანაუგრძნობდა, მაგრამ ნიკოს ფარული სიყვარული აღარ აკმაყოფილებდა და
მოუნდომებია მისი ცოლად შერთვა.როგორც ელისაბედის შვილი სოლომონ
ხანკალამოვი იგონებს, მას შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნია
ელისაბედისათვის:"მე კარგად ვიცი, რომ ჩვენს შორის განსხვავებაა
მდგომარეობით, მაგრამ თქვენ როგორც განათლებული ადამიანი, ამას არ
მიაქცევთ დიდ ყურადღებას და მიიღებთ ჩემს წინადადებას,რათა გამომყვეთ
მეუღლეთ. გარწმუნებთ, რომ ეს არის ჩემი უფაქიზესი და გულწრფელი სიყვარული.
მე იმდენად ვარ თქვენი ოჯახიდან დავალებული,რომ ამაზე უარს არ ჰყოფთ..." მაგრამ ნიკოს სასიყვარულო ამბები
გახმაურებულა და იგი იძულებული გამხდარა ელისაბედის სახლს გასცლოდა.
ამჯერად გადასულა ელისაბედის ძმასთან ქალანთარ ქალანთაროვთან. მაგრამ
მისგან მალე წამოსულა და დაუწყია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ზრუნვა.მომავლის იმედით 



ნიკო
ფიროსმანაშვილი ჯერ ქალანთაროვებთან ცხოვრების დროს გასცნობია მხატვარ
გ.ბაშინჯაღიანს.ამის შესახებ სოლომონ ხანკალამოვს მეტად საინტერესო ცნობა
მიუწვდია ვ. ბუთლიაშვილისათვის: ნ. ფიროსმანაშვილი მისულა და უჩვენებია
თავისი ნახატები გ.ბაშინჯაღიანისათვის,რომელსაც ნიკოსთვის უთქვამს:"შენ
გაქვს ხატვის ნიჭი, შენგან კარგი მხატვარი გამოვა, მხოლოდ საჭიროა, რომ
შეისწავლო ხატვაო."მოგვიანებით გიორგი ლეონიძისთვის ნიკოს მეგობარს
დიმიტრი ალუღიშვილს ჩაუწერინებია: "მე ერთს ოჯახში მზარეულად ვეყენე, ისიც
ვინმე სომხის ოჯახში ლაქიაობდა და მზარეულობდა(ნ. ფიროსმანაშვილი ამ დროს
იყო ქალანთაროვების ოჯახში-ა.მ.),გამართული "პოვარი" ვერ იყო.ხშირად
მოვიდოდა ჩემთან და მკითხავდა რჩევას საჭმელების გაკეთებაზე თუ
შენელებაზე. იმ ოჯახიდან გამოსვლის შემდეგ მხატვარ ბაშინჯაღიანთან იდგა
მოსამსახურედ, მაგრამ ნიკომ ვერ აიტანა და გამოიქცა, ბატონი თურმე ხატვას
უშლიდა და კიდეც გასჯავრებოდა."
ეს ორი ცნობა გვაფიქრებინებს,რომ ნ.
ფიროსმანაშვილს მართლაც უნდა ჰქონოდა ურთიერთობა იმ დროს თბილისში
მცხოვრებ მხატვარ გ.ბაშინჯაღიანთან. ეს უნდა ყოფილიყო დაახლოებით
1885-1886 წლებში,როდესაც ქალანთაროვების ოჯახი მიატოვა. თუ დავაკვირდებით
გ.ბაშინჯაღიანისა და ნ.ფიროსმანაშვილის შემოქმედებას,უთუოდ დავინახავთ
შემოქმედებით შეხვედრებს. თუმცა ეს არც უნდა გაგვიკვირდეს. ორივეს ხომ
ქიზიყის მადლიანი მიწა ასაზრდოებდა, მათ ფანტაზიას ალაზნის ველი და
კავკასიონის ცად აწვდილი მთები ჰკვებავდა.
მხატვრობისადმი სიყვარული იმდენად ძლიერი იყო,რომ როგორც კი დამოუკიდებელ
ცხოვრებაში ფეხი შედგა ნ. ფიროსმანაშვილმა, პირველად ბედი მხატვრობაში
სცადა. ამ დროს თბილისში უამრავი დუქანი იყო, რომელთაც ჭირდებოდათ აბრები,
რაც მუშტრის მისაზიდად თავისებურ რეკლამას წარმოადგენდა. მედუქნეებს
სურდათ მათი დუქნების ინტერიერები, კედლები ლამაზად ყოფილიყო გაფორმებული.
ნ. ფიროსმანაშვილს ებადება აზრი სამხატვრო სახელოსნოს დაარსებისა.მისი
გადაწყვეტილება სავსებით სწორი იყო, რადგან იმ დროს თბილისში არ არსებობდა
ხელოვნების მუზეუმი, გალერეა,რომ მხატვარს თავისი ნამუშევრები გამოეფინა,
ხალხის გულამდე მიეტანა თავისი ნაფიქრ-ნააზრევი. ერთ-ერთი თავშეყრის
ადგილი იყო დუქნები, სადაც ხალხი შედიოდა და თავისუფალ დროს ატარებდა. ნ.
ფიროსმანაშვილს სწორედ ხალხი აინტერესებდა, უნდოდა მათთვის მოეთხრო მათივე
ცხოვრება,რომ მისი თვალით დაენახათ ბრძენი რუსთაველი, დიდი თამარი,
აღდგომის კრავი და გაავებული ტახი, დაჭრილი ჯარისკაცი და მათხოვარი.
საქართველოს დიდება და მისი დაცემა, ერის მომავალი.
ნ. ფიროსმანაშვილი გაეცნო გიორგი ზაზიაშვილს, რომელიც თბილისში 1868 წელს
იყო დაბადებული,მას ხატვა მამისგან ჰქონდა შესწავლილი, ნ. ფიროსმანაშვილზე
რამოდენიმე წლით უმცროსი იყო. ორივემ გადაწყვიტა თბილისში დაეარსებინათ
სამხატვრო სახელოსნო, რომელსაც გ.ზაზიაშვილი შემდეგში ასე იგონებს:
,,ნიკო 1882 წელს გავიცანი, როდესაც ნიკო ჯერ კიდევ ქალანთაროვებთან
ცხოვრობდა. მაშინვე დავმეგობრდით და გადავწყვიტეთ მხატვრობის შესწავლა და
თან სახელოსნოს გახსნა, რომ ლუკმა პური გაგვჩენოდა.თქმა იყო და შესრულება.
ერთ დღეს ყოფილ ველიამინოვის ქუჩაზე გავხსენით პატარა სახელოსნო. მალე
დარბაზში გამოჩნდა რამოდენიმე ნახატი და ერთი აბრა რომელიღაც მეთევზისა,
რომელიც დიდხანს იყო ჩვენს სახელოსნოში ფულის გადაუხდელობის და პატრონის
საიდუმლოდ გაქრობის მიზეზით.ასე მიდიოდა დღეები. ,,თავნი" უკვე
შემოგველია, საქმემ ვერ გაიმარჯვა, ამხანაგობა დაიშალა და პატარა კერა
გაცივდა."
ნ. ფიროსმანაშვილი პირველ მარცხს ვერ შეუშინებია, უფრო სწორედ, მასში
იმდენად ძლიერი ყოფილა მხატვრობისადმი სიყვარული, რომ მარცხი არაფრად
ჩაუგდია და ახალი ამხანაგი გამოუძებნია ვინმე გეზარნიძე. რაოდენ
სამწუხაროა, რომ მის შესახებ არაფერი ვიცით. ზაზიაშვილის მონათხრობიდან
ვიგებთ, რომ ეს წამოწყებაც მარცხით დამთავრებულა და ,,ერთ დღეს ნიკომ და
მისმა ამხანაგმა დამშვიდებული სინდისით აუგეს დარაბები თავიანთ სამხატვრო
სახელოსნოს."
ამჯერად მედუქნეებმაც არ გაიკარეს. მხატვარს მაგრად დაუკეტეს დუქნის
კარები. მხატვრობაში დამარცხებული ნ.ფიროსმანაშვილი ცხოვრებამ აიძულა
ვაჭრობისათვის მოეკიდა ხელი. იგივე გ.ზაზიაშვილი გადმოგვცემს:მელიქ
აზარიანცის სახლის პირდაპირ ერთი პატარა მაგიდა დადგა,ზედ ერბო, რძე,
კვერცხი, თაფლი დააწყო, ტილო გადააფარა და ვაჭრობა გააჩაღა." მაგრამ ვაი,
რომ ამჯერად ვაჭრობამაც არ გაუმართლა და მომავალმა მხატვარმა სხვა
სამუშაოს ძებნა დაიწყო.
    

ნიკო ფიროსმანაშვილი რკინიგზაზე 

გასულ საუკუნეებთან შედარებით XIX საუკუნე იმითაც არის ღირსშესანიშნავი,რომ 1825 წლის 25 სექტემბერს მსოფლიოში ადამიანის სამსახურში პირველად ჩადგა რკინიგზა,რომლის გამომგონებელი იყო ინგლისელი უბრალო მუშის შვილი ჯორჯ სტეფენსონი. რკინიგზის სიკეთე მალე ყველასათვის გახდა ცნობილი და ამავე საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოშიც დაიწყო მისი მშენებლობა.
1865 წელს საძირკველი ჩაეყარა ფოთი-თბილისის რკინიგზის მშენებლობას. 1871 წელს უკვე ექსპლოატაციაში შედის ფოთი-ყვირილას უბანი. ხოლო ერთი წლის შემდეგ მთავრდება აღნიშნული გზის მშენებლობა თბილისამდე.
1883 წელს ბაქო რკინიგზით უკავშირდება ბათუმს, რამაც ხელი შეუწყო ბაქოს ნავთის მსოფლიო ბაზარზე გატანას.
ამავე წელს თბილისში იხსნება რკინიგზის სახელოსნოები, რაც ხელს უწყობს საქართველოში რკინიგზის მშენებლობას.
მხატვრობასა და ვაჭრობაში ,, დამარცხებული" ნიკო ფიროსმანაშვილი იძულებული გამხდარა მუშაობა დაეწყო რკინიგზაზე.ამის შესახებ პირველი ცნობა ეკუთვნის ანა ბეკოსოფოვას. ,,როდესაც ნიკო კარგად დავაჟკაცდა, მაშინ იგი რკინიგზაზე შევიდა კონდუქტორად." 1930 წელს გ. ლეონიძესთან საუბარში ნიკო ფიროსმანაშვილის მეგობარმა დიმიტრი ალუღიშვილმა განაცხადა: ,,...რკინიგზაში შევიდა...ჯერ შიკრიკად იყო რკინიგზის გზათა სამმართველოში,მერე საქონლის მატარებლის კონდუქტორად განჯის მხარეში." ჯერჯერობით დადგენილი არ არის, მხატვარი რომელ წელს შევიდა ამ სამსახურში.საინტერესო საარქივო დოკუმენტს მიაკვლია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატმა მამია ჩორგოლაშვილმა.ამ მიკვლეული მასალებით მტკიცდება, რომ ნიკო ფიროსმანაშვილი 1888 წელს უკვე რკინიგზაზე მსახურობდა და ა.წ. 28 დეკემბრის ბრძანებით ,,უკიდურესი ეხეშობისათვის" ამიერკავკასიის რკინიგზის მოძრავი შემადგენლობისა და წევის სამსახურის დარაჯი ნიკო ფიროსმანაშვილი 17 ნოემბრიდან გაუნთავისუფლებიათ სამსახურიდან." მაგრამ შემდგომში მაინც ისევ რკინიგზაზე იწყებს მუშაობას:1890 წლის14 აპრილს (თარიღი ყველგან ძველი სტილითაა მოტანილი) ნიკო ასლანის ძე ფიროსმანაშვილს გაუვლია შემოწმება და შეუვსია ანკეტა,რომელშიც ჩაუწერია: ,,ეროვნებით ქართველი, 28 წლისა, ჯანმრთელი, სამუშაოდ ვარგისი"...ხოლო იმავე წლის 17 აპრილს გაუცვნიათ მისთვის რკინიგზაზე არსებული წესი და ხელწერილიც ჩამოურთმევიათ. რაც სტამბური წესით არის დაბეჭდილი და ხელს აწერს ნ. ფიროსმანაშვილი. ,,ვაძლევ ამ ხელწერილს ამიერკავკასიის რკინიგზის საზოგადოების სამმართველოს მასზე, რომ მივიღე ინსტრუქცია. რაც შეეხება ჩემს მოვალეობას, ამასთან ერთად განმემარტა მისი ყველა პუნქტი და ვალდებული ვარ დავემორჩილო სამსახურთან დაკავშირებულ ფულად გადასახადებს, რაც დაკისრებული მექნება რკინიგზის უფროსისაგან."
18 აპრილს კი შეუვსიათ ფორმალური ნუსხა, რომელშიც ვკითხულობთ: ,,სარწმუნოებით მართლმადიდებელი, რუსეთის ქვეშევრდომი, წოდებით გლეხი..." იმავე დღიდან დაუწყია მუშაობა. ჯერ სადგურ მიხაილოვოში(ხაშური),ხოლო 1890 წლის 14 ოქტომბერს გადაუყვანიათ სადგურ ელისავეტპოლში(კიროვაბადი) სატვირთო მატარებლის მემუხრუჭე კონდუქტორად.
რკინიგზაზე არსებულ მკაცრ რეჟიმს, ცუდ საყოფაცხოვრებო პირობებს მხატვრის ჯანმრთელობა შეურყევია.ნ. ფიროსმანაშვილი ცდილობს როგორმე სამუშაოდ გადავიდეს თბილისში, ან ადგილზევე გაიუმჯობესოს პირობები. ამ მიზნით ელისავეტოპოლის სადგურის უფროსის სახელზე 1891 წლის 6 მაისს დაუწერია თხოვნა. ...ნიკოს თხოვნას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. მისი მდგომარეობა არაფრით გაუმჯობესებულა.ერთი წლის შემდეგ 1892წლის 18 აპრილს ელისავეტოპოლის სადგურის უფროსის სახელზე კვლავ დაუწერია თხოვნა, ამჯერად ერთი თვით შვებულებას ითხოვდა.
,,მაქვს პატივი ვითხოვო თქვენი შეწყალება ბ. მოძრაობის სამსახურის უფროსის წინაშე ერთი თვით შვებულების ნებართვის შესახებ ოჯახური მდგომარეობის გამო..."
მოძრაობის უფროსმა მაინც მისი ვედრება უყურადღებოდ დატოვა.
მაგრამ ფიროსმანაშვილი არ ცხრება,იმავე წელს 9 მაისს განმეორებით წერს თითქმის ანალოგიურ ,,თხოვნას". მაგრამ ამჯერადაც შედეგი არ მოჰყოლია.
ორი წლის დაძაბული მუშაობის შემდეგ მხატვარს ჯანმრთელობა სერიოზულად შერყევია.იგი იძულებული გამხდარა ი.წ.12 მაისს კვლავ ,,შეაწუხოს" ელისავეტოპოლის სადგურის უფროსი. იმედი ამჟამადაც იმედადვე დარჩა და იგი თბილისში არავის გადაუყვანია.
1892 წლის 15 დეკემბერს მხატვარმა იმავე სადგურის უფროსს კვლავ მიმართა თხოვნით ორდდღიანი შვებულების შესახებ. ,,მეტად აუცილებელი მდგომარეობის გამო", ამასთან ერთად ითხოვდა თბილისამდე ბილეთსაც.
ელისავეტოპოლის სადგურის უფროსს სამი დღის შემდეგ წაუწერია: ,,კონდუქტორ ფიროსმანაშვილის თხოვნას ვურდგენ მოძრაობის უფროსს განკარგულებისათვის და ვთხოვ,არ ეთქვას უარი ორდღიან შვებულებაზე".
მოძრაობის უფროსიც დათანხმებულა და სადგურის უფროსს შეუტყობინებია: ,,მოძრაობის კანტორა ამით გატყობინებთ, რომ თქვენს მიერ მოთხოვნილი შვებულება კონდუქტორ ნიკოლოზ ფიროსმანაშვილისათვის ნებადართულია ორი დღით.სამგზავრო ბილეთიც გაეცით სადგურის წიგნაკიდან."
ნ. ფიროსმანაშვილის ორწლიანი წვალება დამთავრდა იმით, რომ მიიღო ორდღიანი შვებულება და თბილისამდე ბილეთი.
ნ. ფიროსმანაშვილს ჯანმრთელობა დაძაბული მუშაობის შედეგად შერყევია,ჯანმრთელობის აღსადგენად საჭირო ყოფილა ხანგრძლივი მკურნალობა და დასვენება, მართლაც ექიმების რჩევით მხატვარს მოუთხოვია 60 დღიანი შვებულება და გადაუწყვეტია სამკურნალოდ წასვლა. უფულობის გამო ნ. ფიროსმანაშვილს მოუთხოვია ერთდროული დახმარება 150 მანეთის ოდენობით.
ნ. ფიროსმანაშვილმა ისარგებლა 60 დღიანი შვებულებით და დიდი წვალებით მოახერხა სამკურნალოდ წასვლა.
შემდგომ პერიოდში ნ. ფიროსმანაშვილი ისევ ავადმყოფობს და ითხოვს სამსახურიდან გათავისუფლებას. თხოვნა დააკმაყოფილეს. მაგრამ ბუნდოვნად დარჩა მიიღო თუ არა ერთდროული დახმარება 150 მანეთი.
პირად საქმეში ინახება ერთი ფურცელი, რომელზედაც წერია: ,,კონდუქტორ ფიროსმანაშვილის დახმარების შესახებ...შემდეგ ვკითხულობთ: ,,საბჭო1893 წ.№132." რაც ხაზგასმულია, ხაზის ქვემოთ კი სწერია ,,45 მან. განთავისუფლების გამო." ვფიქრობთ, ეს არის ანგარიშსწორება და არა დახმარება. 
სამართლიანად შენიშნავს თეიმურაზ ქრისტინაშვილი : ,,...რომ ნ. ფიროსმანაშვილმა ნამდვილად მიიღო დახმარება!" ამ აზრს ისიც აძლიერებს, რომ 1930 წელს გ. ლეონიძეს დიმიტრი ალუღიშვილმა ჩააწერინა, რომ რკინიგზაზე მუშაობის დროს ,, ავად გახდა და სამსახურს თავი დაანება. იქიდან გამოსვლის დროს დახმარება მიიღო, იშოვნა სათავნო ფული..."
ნიკო ფიროსმანაშვილი რკინიგზაზე მუშაობის დროსაც არ ღალატობდა მხატვრობას და დიდი გატაცებით ხატავდა რკინიგზელთა პორტრეტებს.
   

თვითრჯული 

1893 წელს ნიკო ფიროსმანაშვილმა მიატოვა რკინიგზა. მიიღო დახმარების
ფული. დაბრუნდა თბილისში, ისევ ვერის დაღმართზე გახსნა სავაჭრო დუქანი და
რძის ნაწარმით დაიწყო ვაჭრობა. ორი წელი ივაჭრა, საქმე კარგად მიდის,
მაგრამ გული მაინც ვაჭრობისათვის ვერ დაუდვია. ცოტაოდენი ფულიც იშოვა,
სოფელშიც ხშირად მიდის, თავის მახლობლებს ნახულობს. სახლის მშენებლობაც
გადაწყვეტილი აქვს, უნდა ახალი სახლი ააშენოს. დიდი კაკალი მოჭრა და
მაღაროელ ხელოსნებს დაახერხინა კარ-ფანჯრისთვის, დახერხილი მასალა თვითონ
დააწყო სიმშრალეში გასაშრობად. დას უხარია, სახლს ააშენებს და დაინიშნება,
ცოლს მოიყვანს. თბილისიდან ისე არ ჩამოვა, რომ დას და დისშვილებს
საჩუქრები არ ჩამოუტანოს. ხედავს, რომ მის დედმამისშვილს უჭირს, ქმარიც
ვერა ჰყავს გამრჯე. ნიკო ფიროსმანაშვილმა დას საკერავი მანქანა უყიდა
საჩუქრად, მისმა დამ ხომ მშვენიერი ხელსაქმე იცის და სულ შენატროდა, ვისაც
საკერავი მანქანა ჰქონდა...

დისშვილები წამოიზარდნენ, მათაც დახმარება უნდათ. ფეფეს დედის ხასიათი
დაჰყვა, დღე და ღამე უნდა იშრომოს, მაგრამ ქმარი...
კალოობის დროს ნიკო ჩამოდის და დას ყანის მომკაში შველის... დუქანში
მარტოა და მისი მიტოვებაც უმძიმს... იფიქრა და გადაწყვიტა, გაიამხანაგოს
მირზაანელი დიმიტრი ალუღიშვილი, რომელსაც კარგა ხანია იცნობს. თბილისში
ცხოვრობს. დიმიტრის მეტად სათნო და გულთბილი მეუღლე ჰყავს. ჯერ კიდევ
რკინიგზაზე რომ მუშაობდა, მაშინაც მოინახულებდა ხოლმე, ბროწეულებს
მიართმევდა. მასაც ყოველთვის სიამოვნებდა ნიკოს მისვლა და აი, დიმიტრი და
ნიკო გაამხანაგდნენ...
1930 წლის 28 მარტს დიმიტრი ალუღიშვილს შეხვდა გიორგი ლეონიძე, რომელსაც
დიდი ძებნის შემდეგ, ანჩისხატთან ახლოს, ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაში კოლოფისტოლა
დუქანში მიაგნო. დიმიტრი მართალია ამ დროს უკვე გაკოტრებული იყო, მაგრამ
ვაჭრობისითვის თავი არ ჰქონდა დანებებული,. ფიროსმანაშვილის ცხოვრებით
დაინტერესებულ პოეტს მხატვრის მეტად საინტერესო მოგონება ჩააწერინა. დ.
ალუღიშვილის მოგონებიდან ვიგებთ, რომ ნ. ფიროსმანაშვილს რკინიგზიდან
გათავისუფლების შემდეგ მიუღია დახმარება, სათავნო ფული უშოვია,
მელიქ-კაზარიანცის სახლის პირდაპირ დუქანი გაუხსნია და რძის ნაწარმით
დაუწყია ვაჭრობა. ეს რომ სინადვილეს შეეფერება, მას 1926 წელს ადასტურებს
ელისაბედ ქალანთაროვას ვაჟი სოლომონიც. 1890 წელს სოლომონ ხანკალამოვი
პეტერბურგში, სამხედრო სასწავლებელში გააგზავნეს. რამოდენიმე წლის შემდეგ,
როდესაც იქიდან დაბრუნდა, მას ჯერ 1892 წელს მხატვარი ესტუმრა, როდესაც
მხატვარს დუქანი გაუხსნია, სოლომონიც მისულა მასთან... ,, ნიკოს ჰქონდა
პატარა სარძევე სავაჭრო, ყოფილი ოლღას ქუჩაზედ, მელიქ- კაზარიანცის სახლის
პირდაპირ. მე მივედი მასთან სანახავად, ვკითხე მისი ვაჭრობის საქმის
შესახებ. ნიკომ გულკეთილად გაიღიმა და მომიგო :„- რა ვქნა სოლიკოჯან,
ყველას ნისიად მიაქვს და მე აღარა მრჩება, რაო!"
დ. ალუღიშვილის მოგონებიდან დასტურდება, რომ პირველად ნ. ფიროსმანაშვილს
გაუხსნია დუქანი, ორი წელი მარტოს უვაჭრია,საქმეც კარგად წასულა, შემდეგ
თავის დუქანი ,,იარმუკაში" გადაუტანია და დიმიტრიც გაუამხანაგებია. ამის
შესახებ თვითონ დ. ალუღიშვილი წერს: ,,...სარძეო დუქანი გახსნა ვერის
თავდაღმართზე (სადაც დღეს მელიქ -კაზარიანის სახლია),ორ წელიწადს
ივაჭრა.საქმე კარგად წაუვიდა.
ერთ დღეს ჩემთან შემოვიდა და შემეკითხა, ,,იარმუშკაში" დუქანი უნდა
გავხსნა, შენ რას იტყვიო? მე გადმოსვლა ვურჩიე. ლაპარაკი ლაპარაკს შეჰყვა.
მეც თვალში მომივიდა და ორივემ შეამხანაგება გადავწყვიტეთ."
დ. ალუღიშვილი დახლში მდგარა და უშუალოდ ვაჭრობდა თურმე: ,,მე, როგორც
თავგზიანი, დახლში ვიდექი. თითონ ის ან კარებთან იდგა აყუდებული, ან
ბალახანაში ჰხატავდა. მოიყვანდა რომელიმე მეზობელს, დააყენებდა, ეტყოდა:
-მოდი, ისე დაგხატო"...

საუბრის დროს დ. ალუღიშვილის მეუღლეც შემოსულა, რომელმაც თავის გადმოცემით
ნ.ფიროსმანაშვილის მეტად მშვენიერი პორტრეტი შექმნა:
,,რა მშვენიერი ვაჟკაცი იყო?-ჯანიანი.ზღვის ლერწამივით მოსული... ქალი არ
იქნებოდა ისეთი ლამაზი, როგორც ახალგაზრდობაში მახსოვს.ტუჩ ნაპობი; ტანის
მოყვანილობა, ყელყური, სახე მშვენიერი... დუქნის გახსნამდე ჩოხა ეცვა,
მერე რუსულად..."
დიმიტრიმ იგი დაიახლოვა და ბავშვიც მოანათვლინა. ვაჭრობაც კარგად მიდიოდა.
მუშტარიც ეტანებოდათ. გასაყიდად ყოველთვის ჰქონდათ ყველი,კარაქი, ერბო,
მაწონი, თაფლი. ,,დიდკაცების მზარეულები სულ ჩვენთან ვაჭრობდნენ-ჩვენი
ნაცნობები და მეგობრები იყვნენ."
ნიკო ფიროსმანაშვილი ,,ორ ვირის საპალნე მწვანე ბალახს იყიდდა, აიტანდა
დუქნის თავზე საკუთარ ,,ბალახანაში", გაიშლიდა და გამოეხვეოდა:
-სოფელში რომ ვერ მივდივარ, ეს მეამებაო!"
-დუქანსაც ეამებოდა?-- გაკვირვებული კითხულობს დ. ალუღიშვილი, ნიკო
ფიროსმანაშვილი ვაჭრად არ იყო დაბადებული, ამიტომ ,,ვაჭრობაც ეზარებოდა და
კიდეც თაკილობდა."
ნიკოს მეტად მოსწონდა დ. ალუღიშვილის მშვენიერი, გულკეთილი მეუღლე, ხშირად წაიყვანდა ხოლმე თავისი ნახატების სანახავად:
,,-ნათლიდედ, მოდი ჩემს ნახატებს უყურე"... ეტყოდა თურმე.
,,-თითონ ოჯახი არა ჰყავდა, არც სხვისა მოსწონდა!"-იძახის დიმიტრი,-ერთხელ, შინ არ ვიყავი, ჩემი ცოლისთვის ეთქვა:
-,,თავი გაანებე დიმიტრის, სხვასთან გღალატობს."
ნოკო ფიროსმანაშვილი ვაჭრად არ იყო დაბადებული, მერე დიმიტრისაც ვერ
შეეგუა, იძულებული გახდა და მიატოვა. მაგრამ დიმიტრის მშვენიერი მეუღლე
მაინც დახატა ,,ტახტზე წამოწოლილი ლეჩაქიანი ქართველი ქალი."
აღსარებასავით მიაწერა:
,,აბა მნახეთ რა დღეში ვარ კიდევ გაუმარჯოს კეთილ ხალხს."
დიმიტრი ალუღიშვილს ვერაფერი გაუგია, რა ხდება მხატვრის აბობოქრებულ გულში
და ხან ,,ტვინდასეტყვილად" ეჩვენება, ხან ,,თვითრჯულად" და როცა ნიკო
ჩამოშორდა, დიმიტრი გაკვირვებული აცხადებს: ,,მაშინ იყო, რომ მხატვრობის
ალი მოედო..." ნ. ფიროსმანაშვილმა კი დუქანიც მიატოვა და დაანება თავი
ვაჭრობას და შეუდგა გოლგოთას... რაც უნდა მომხდარიყო 1904 წელს


მარგარიტა

ნიკო ფიროსმანაშვილს დახატული ჰყავს ახალგაზრდა ქალი, რომელზეც მხატვარს რუსულად მიუწერია: ,,აქტრისა მარგარიტა".მარგარიტას შესახებ მრავალი ლეგენდა შეიქმნა. მის შესახებ მწერლები წერენ მოთხრობებს, პოეტები ლექსებს, კომპოზიტორები ჰქმნიან სიმღერებს.გადმოცემით მარგარიტა ფრანგი ყოფილა.1905 წელს ჩამოსულა საქართველოში და შეხვედრია ნიკო ფიროსმანაშვილს, რომელიც მოხიბლულა ფრანგი ქალით და ზღვაყვავილები მიურთმევია. ეს ამბავი მხატვრის სიცოცხლეშივე გახმაურებულა,ქალაქიდან სოფელში ჩაუღწევია და1922 წელს ქართველი მწერლისათვის, შალვა დადიანისათვის მირზაანში სიმონ გრიგორის ძე პოპიაშვილს უთქვამს: ,,ოჯახი არა ჰყოლია. ერთ ფრანგის ქალს ჰყვარობდა, მგონი ერთი წლის განმავლობაში!..." ხოლო იგივე დადიანისათვის ნ.ფიროსმანაშვილის დას ფეფეს ჩაუწერინებია: ,,ოჯახი არასოდეს ჰყოლია, გამიგია რომ საყვარელი ჰყავდა..."ვინ იყო ის ფრანგი ქალი, რომელიც მხატვრის გატაცება გახდა და ნიკომაც მისი სახე ტილოზე უკვდავყო. ამის შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდით. ნ. ფიროსმანაშვილის თაყვანისმცემელს კ. ზდანევიჩს ეს ამბავი წიგნში ,,ნიკოფიროსმანაშვილი" ასე აქვს გადმოცემული: ,,კაფე-შანტანისმომღერალ-მოცეკვავე ქალთან შეხვედრამდე ნიკომ არ იცოდა რა იყო სიყვარული.მუშტაიდის ბაღში, ბრწყინვალედ განათებულ სცენაზე მხიარული მუსიკის ხმაურში, აღტაცებული მაყურებლის წინაშე წარსდგა მშვენიერი და მომხიბლავი ფრანგი ქალი მადმუაზელ მარგარიტა, რომელიც ასრულებდა პარიზის მხიარულ სიმღერებს... ნიკო დატყვევებული იჯდა და თვალს ვერ აშორებდა... ნიკოს ბედნიერებას თითქოს საზღვარი არ უჩანდა, მან მთელი თავისი დაგროვილი ქონება საყვარელ ქალს მიუძღვნა. მარგარიტამ გაიგო, რომ თავადი კი არ იყო,არამედ უბრალო და რაც ჰქონდა ყველაფერი მას მისცა... ერთ დღესაც უთხრეს,რომ მარგარიტა პარიზში გაემგზავრა." რუს მწერალს კონსტანტინე პაუსტოვსკის ეს ამბავი ასე აქვს აღწერილი:,,ურმები პირთამდე სავსე იყო მოჭედილი და წყალნაპკური ყვავილებით,გეგონებათ დილის ნამი ასობით ნამცეცა ცისარტყელას დაუფარავსო. ურმები მარგარიტას სახლთან გაჩერდნენ. მეურმეებმა ხმადაბლა გადაულაპარაკეს ერთმანეთს და დაიწყო ტვირთის ჩამოღება ჭიშკრის წინ ტროტუარზე და ქვაფენილზე დაყრა..."დიახ, ამ ურმებით მოტანილი ყვავილები ნიკო ფიროსმანაშვილს ეკუთვნოდა,რომელიც მარგარიტას მიუძღვნა. ზღაპარი და სინამდვილე ისეა ერთმეორესთან შეზრდილი, რომ შეიძლება ადამიანს ლეგენდა სინამდვილედ მოეჩვენოს და სინამდვილე ლეგენდად.ერთი კი ფაქტია,რომ მართლაც სინამდვილეში არსებობდა ფრანგი ქალი მარგარიტა, რომელიც საქართველოში ჩამოსულა1905 წელს და გაუმართავს კონცერტები. ეს ის პერიოდია, როცა ნიკომ მიატოვა დ.ალუღიშილი, ჯერ კიდევჰქონდა კარგი ტანსაცმელი, ოქროს საათი და მცირეოდენი შესაძლებლობა. ნიკო რომ სინამდვილეში ყოფილა მარგარიტათი დაინტერესებული, ეს იქიდანაც ჩანს,რომ ქალაქად და სოფლად გვრცელებულა ხმა ნიკოს უცნაური სიყვარულის შესახებ
და ამ სიყვარულს უკვალოდ არ ჩაუვლია. სწორედ ამ შთაგონებით შექმნა ნიკომ შესანიშნავი პორტრეტი.










                                           ამედეო მოდილიანი


                                              

                                                               


მოდილიანი ჩვენს ცხოვრებაში დიდი ხნის წინათ შემოიჭრა. მასში იყო წარმოუდგენლად დაუმორჩილებელი ვნება, გამოწვევა და ნდომა საქმის ბოლომდე მიყვანისა. სიმშვენიერის გენიამ მთლიანად შეცვალა ჩვენი წარმოდგენები და შეხედულებები მხატვრობაზე. მისი ბიოგრაფია წარმოადგენს მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ბოჰემურ ცხოვრებას. მოდილიანი ძალიან ბევრს ავადმყოფობდა, ცხოვრობდა მძიმე პირობებში, მაგრამ ყოველივე ამასთან ერთად ის იყო იუმორით სავსე, დემპერამენტიანი და ექსტრავაგანტული. დავეთანხმოთ იმ ვერსიას, რომ სწორედ მწერლების ხვედრია გადააქციონ ცხოვრების ისტორია ავტობიოგრაფიად, ხოლო სცენარისტებმა-ტრილერებად ან მელოდრამებად. ჩვენ მივყვეთ მოდილინის ცხოვრების გზას. დანარჩენი კი თქვენთვის მოგვინდია საკუთარ შთაბეჭდილებებზე დაყრდნობით ან სპეციალისტების სხვადასხვა ვერსიების ნდობით გააკეთოთ ინტერპრეტაცია მოდილიანის შემოქმედებაზე. არასდროს ამ ზომამდე არ ვყოფილვართ შემოქმედებით გაშმაგებულნი. ის იპყრობდა ყველა ჩვენ ფიქრებს და ამავე დროს პროექტიც გასაგები შინააარსის ხდებოდა. ეს იყო სურვილი მხატვრობის ჭეშმარიტების ბოლომდე მიღწევისა. მოდილიანმა გაგვამხნევა სიტყვებით: ,,ადამიანი-ეს მთელი სამყაროა, რომელიც უმთავრესია ყველა დანარჩენზე, ხოლო ბინძურია ამბიციები, რომლებიც ანონიმურად რჩებიან.”
ამედეო მოდილიანი დაიბადა 1884 წლის 12 ივლისს, ლივორნოში, წვრილ ბურჟუაზიულ ოჯახში. მოდილიანის გვარი რომის სამხრეთით მდებარე ამავე სახელწოდების სოფლიდან წარმოდგება. ამედეოს მამა-ფლამინიო მოდილიანი ოდესღაც შეშითა და ნახშირით ვაჭრობდა,ახლა კი პატარა სამაკლერო კანტორის მფლობელი იყო და გარდა ამისა რაღაც კავშირი ჰქონდა (როგორც ჩანს,ძალიან არამყარი)ვერცხლის საბადოების გადამუშავებასთან სარდინიაში.უნდა ითქვას რომ სამაკლერო კანტორა იტალიურად იმავე სიტყვით აღინიშნება, რითაც ბანკი.

აქედან იოლად შეიძლება წარმომდგარიყო მითი ბანკირის შვილობაზე. მაინცდამაინც არც იმის საფუძველი გაგვაჩნია, რომ ბანკირად მოვიხსენიოთ ამედეოს პაპა მამის მხრიდან. თუმცა 1849 წელს მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა მომხდარა:იგი ამარაგებდა რომის ერთ-ერთ კარდინალს სპილენძით, რომელიც ესაჭიროებოდა ვატიკანს მონეტების გამოსაშვებად. მაგრამ შემდეგ საქმე ცუდად წასვლია.


ამის საფუძველზე უფიქრია რომ შეეძლო გვერდი აევლო პაპის ბრძანებისათვის რომელიც უგრძალავდა ებრაელებს მიწის მფლობელობას და ვენახი უყიდია. მაგრამ მაშინვე მოსულა ბრძანება 24 საათის განმავლობაში გაეუქმებინა ნასყიდობა. ამის შემდეგ იძულებული გამხდარა დაეტოვებინა რომი და გადასახლებულიყო ლივორნოში. ამიტომ იყო რომ მერეც დიდიხნის შემდეგ, როგორც კი რამე გაუჭირდებოდათ ოჯახში მაშინვე ოხვრით იტყოდნენ: ,,ეჰ, ოდესღაც კი მოდილიანები პაპების ბანკირები ყოფილან!” იმიტომ იყო, რომ ამედეო მოდილიანი გიიომ აპოლიმერს არწმუნებდა:- ,,მე ბანკირთა შვილი და შვილიშვილი ვარო”, როცა მან დროებით მუშაობა დაიწყო პარიზის ერთ-ერთ ბანკში კანტორის მოხელედ. ,,შენმა პატრონებმა რომ სცადონ და პრაქტიკაში გამოიყენონ ზოგიერთი ის თეორია და მეთოდი რომელიც მე ვიცი მილიონებს გავაკეთებდით”! _ ფილოსოფია ჩემი წილმხდომია. მე შეიძლება ითქვას სისხლში მაქვს ფილოსოფია”,- ეუბნებოდა იგი ორტის დე სარატეს და სხვა თავის მეგობრებს. ამტკიცებდა რომ ერთი მისი პირდაპირი წინაპარი დედის მხრიდან სპინოზა იყო. ჩვენამდე ვერ მოაღწია ამ ნათქვამის ინტონაციამ. არ ვიცით რომელი სჭარბობდა: იუმორი ოჯახური ლეგენდებისადმი თუ თავის მოწონების გულუპრყვილო სურვილი. ასე იყო თუ ისე მოდილიანის ბიოგრაფიაში ფაქტებიტ არ დასტურდება არც ,,ბანკირობის” და არც ,,ფილოსოფოსობის” ვერსია. შეუძლებელია ვინმე პირდაპირი შთამომავალი ჰყოლოდა ბარუხ სპინოზას, რომელმაც მთელი ცხოვრება ასკეტურად გაატარა და უშვილძიროდ გადაეგო. არც ბანკირი ყოფილა მოდილიანთა გვარში არავინ რასაც დამაჯერებლად გვისაბუთებს მხატვრის ქალიშვილი ბებიის დღიურებზე და სხვა ოჯახურ საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით.

ამედეო სწორედ მაშინ მოევლინა ქვეყანას, როცა მშობლების სახლში ჩინოვნიკები გამოცხადნენ უკვე ვალში აღწერილი ქონების წასაღებად. ევგენია გარსენისთვის ეს თავზარდამცემი მოულოდნელობა იყო. არავითარი ბანკი მათ არ გააჩნდათ ყელამდე ვალებში ჩაფლული ქმრის გაკოტრება კი სტიქიურ უბედურებად დაატყდა თავს. მართლაც რომ თავს დაატყდა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობითაც, რადგან თანახმად იტალიის კანონებისა მელოგინეს ქონება ხელშეუხებელი იყო. ყველაფერი თუ კი რამ ფასეულობა გააჩნდათ ოჯახში ჩინოვნიკების მოსვლამდე მელოგინის საწოლზე დაყარეს. დედამ ახალშობილისათვის ეს ცუდის მომასწავლებლად ინიშნა. მამის მიმართ მოდილიანი ყოველთვის გულგრილი იყო,ზოგჯერ მტრულადაც კი იყო მისდამი განწყობილი,დედა კი გატაცებით უყვარდა და დედასაც დიდი გავლენა ჰქონდა მასზე.
თუ კი შეიძლება რაიმე ითქვას ,,საერთო ოჯახურ სახეზე”, საქმოსან გონებაფხიზელ და სავსებით ბურჟუაზიული მოდილიანებისაგან განსხვავებით გარსნების ეჭვმიტანილი ინტელიგენტობა, მეოცნებე რომანტიზმი და მიდრეკილება ფილოსოფიური აზროვნებისადმი უცნაურად ერწყმოდა საბირჟო აზარტს რაც ხშირად ავანტიურიზმამდეც კი დადიოდა. საერთო ამ ორ საგვარეულოს შორის მხოლოდ ის იყო, რომ ორივე ოჯახმა მშვიდობიანად დააღწია თავი გეტოს და გამუდმებით ეწეოდნენ დაძაბულ ბრძოლას არსებობისათვის, იშვიათად მცირე ხნით მდიდრდებოდნენ და მერე თანდათან უსაზღვროდ ღატაკდებოდნენ. ევგენია გარსენი - მოდილიანი მართლაც შესანიშავი ქალი და იშვიათი დედა იყო. თხუთმეტი წლისა დაინიშნა იგი მამაკაცზე, რომელიც არა თუ უყვარდა,უბრალოდ არც კი იცნობდა.


ორი წლის შემდეგ კი თავისი ჩვეული ატმოსფეროდან, რომელიც სრული თავისუფლებითა და გულგაშლილობით გამოირჩეოდა ყველაფერში -დაწყებული რელიგიიდან დამთავრებული ყოველდღიური ცხოვრებით, საზოგადობიდან, სადაც ყველაზე მეტად ფასობდა მახვილი გონება და ტალანტი, აღმოჩნდა "მდიდარ”,შემთხვევითი სტუმრებითა და მსახურებით სავსე ოჯახში, სადაც ყველაფერი თავიდან ბოლომდე შებოჭილი იყო ფორმალური ეტიკეტით, შებორკილი ქმრისა და დედამთილის შეულახავი უფლებამოსილებით. მოდილიანები მას გაუნათლებელ, ამპარტავან და გულჩახვეულ ადამიანებად ეჩვენა. არც მათი რელიგიური ორთოდოქსალობა სჯეროდა, ყალბად, მოჩვენებითად მიიჩნევდა. აღშფოთებული იყო მათი სიძუნწით და ამჯობინებდა, საერთოდ არაფერი დაეხარჯა საკუთარი თავისთვის,ვიდრე დამცირებული ფულის თხოვნით და შემდეგ აუცილებელი ანგარიშის ჩაბარებით. იგი მოთმინებით ემორჩილებოდა მისთვის უცხო ოჯახურ გარემოს, მომქანცველ სადილ-ვახშამებს, მოსაწყენ ვიზიტებს, ტრაფარეტულ საუბრებს. ემორჩილებოდა ალბათ შვილების გულისათვის, რომლებიც ოთხნი იყვნენ: უფროსი- ემანუელე 1873 წელს დაიბადა, მას მოჰყვნენ მარგერიტა, უმბერტო და ამედეო. ახლაც, ოჯახის სრული გაღატაკების ჟამს, მათი გულისთვის აღუდგა წინ ყოველივეს, მოულოდნელად არაჩვეულებრივი ნებისყოფის სიმტკიცე გამოამჟღავნა და ყველაფერი თვითონ ითავა. ფლამინიო მოდილიანის შემოსავლის იმედი მაინც და მაინც არ უნდა ჰქონოდა, მით უმეტეს, რომ იგი ხშირად წასული იყო ოჯახიდან. ახლავე უნდა შესდგომოდა შრომას, რაც თავისთავად უკვე გაბედული ნაბიჯი იყო მისი მდგომარეობის ქალისათვის და საკუთარი შრომით ერჩინა ოჯახი. რაშიც მას ევროპული ლიტერატურისა და რამდენიმე უცხო ენის დიდებული ცოდნა. მისი მშობლიური ენა ფრანგული იყო. ევგენია გარსენმა წარმატებით თარგმნა დ’ანუნციოსა და სხვა მწერლების ნაწარმოებები. ამასთან ერთად უცხო ენებსაც ასწავლიდა ბავშვებს. ამ საქმიანობაში შემდეგ თანდათანობით ჩააბა თავისი დებიც-ლორა და გაბრიელა, რომლებიოც მასთან ცხოვრობდნენ, და ბოლოს თავისი შვილიც-მარგერიტა. მალე თავის სახლში ჩამოაყალიბა ინგლისური და ფრანგული ენების ნამდვილი კერძო სასწავლებელი, რომელმაც მალე სახელი გაითქვა ქალაქში.

თავის დღიურში ორი წლის დედოს დედა ასე ახასიათებს: ,,ცოტა განებივრებულია, ცოტა ჭირვეული, მაგრამ მშვენიერია, როგორც ანგელოსი”. როცა წამოიზარედა, როგორც შინაურები იხსენებენ, ხშირად მოუთმენლობასა და სიფიცხეს ამჟღავნებდა, საერთოდ კი წყნარი და გამგონე ბავშვი იყო. გამგონე იყო ალბათ უფრო იმიტომ, რომ დედა უყვარდა. მოდილიანების ,,მდიდარ სახლს” ვია რომაზე ამედეო არ მოსწრებია. ბავშვობა და ყრმობა გაატარა ვია დელა ვილაზე ჩვეულებრივ პროვინციულ სახლში, რომელიც არაფრით გამოირჩეოდა ამ ქუჩის სხვა სახლებისგან. შემდეგ როცა ჭაბუკმა ამედეომ მიატოვა ლივორნო, მისი ოჯახი პიანცა მაჯენტაზე გადავიდა, უფრო მოგვიანებით კი ფლორენციაში გადასახლდა.ამედეომ სწავლა პირველად შინ დაიწყო. კარგად შეითვისა ფრანგული ენა. შემდეგ სკოლაში შეიყვანეს და იქიდან კი ლიცეუმში გადავიდა, სადაც უხალისოდ სწავლობდა. სწავლობდა და ცდიობდა მხოლოდ იმიტომ, რომ დედა არ გაენაწყენებინა.

1895 წელს მან სერიოზული ავადმყოფობა გადაიტანა. ამასთან დაკავშირებით დედამ თავის დღიურში ასე ჩაწერა:”დედოს ძალიან მძიმე პლევრიტი ჰქონდა. მე ჯერაც ვერ გამოვრკვეულვარ იმ საშინელი შიშისგან. ამ ბავშვის ხასიათი ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებუილი, რათა შემეძლოს მასზე გარკვეუკლი აზრის გამოთქმა. ვნახოთ რა გამოვა ამ ჭიის პარკისგან, იქნებ მხატვარი?” ჩვენამდე მოღწეულია 12 წლის ამედეოს ორი ნაშრომი. ორივე ეტყობა ნაკლებად მნიშვნელოვანია, უფრო მიბაძვაა, მაგრამ მაინც რეპროდუქციაშიც კი ყურადღებას იქცევს რაღაცნაირი ფარული დრამატიზმით. ეს გახლავთ თიხის თეფშზე გამოხატული გორგონა და ეტაჟერის ორი კედლის მოხატულობა. ერთზე გამოხატულია ქალის თავი , ქვემოთ კი თავის ქალას ჩონჩხი. მეორეზე მოხუცის თავი: უზარმაზარი, მახინჯი ყურები, ჭაღარა ბაკენბარდები და გაყინული, თითქოს რაღაცით შეძრწუნებუილი გამოხედვა. ეს "სიმბოლისტური” ნაწარმოები ამედეოსი და მისი პირველი გულითადი მეგობრის-უბერტო მონდოლფის ერთობლივი შემოქმედებითი შრომის ნაყოფი იყო.
1898 წელს მოდილიანი იწყებს მეცადინეობას ფერწერაში გულიელმო მიქელისთან, მისსავე დაარსებულ ფერწერის სკოლაში, ლივორნოში.

1898 წელმა ბევრი მწუხარება მოუტანა მოდილიანების ოჯახს. 4 მაისს "საზოგადოებრივი სიმშვიდის დარღვევისათვის” დააპატიმრეს და ივლისში ნახევარი წლით პატიმრობა მიესაჯეს უფროს შვილს-ემანუელეს, ახალგაზრდა ადვოკატს, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა იტალიელი მუშების ხელმძღვანელობაში.შემოდგომაზე კვლავ ახალი ელდა დაატყდა ოჯახს. ამედეოს ძალიან მძიმე ფორმის ტიფი შეეყარა, რამაც შემდეგშიც დიდი ხნით დაასვა დაღი მის ჯანმრთელობას. ავდმყოფობის დროს ამედეო გამოუტყდა დედას, რომ ერთადერთი ყოვლისმომცველი გატაცებაა მხატვრობა.


ბოდვის დროს ავადმყოფი სულ სადგურს ახსენებდა, საიდანაც უნდა წასულიყო ფლორენციაში და ბოლოს და ბოლოს საკუთარი თვალით ეხილა მუზეუმები, რომელთა შესახებ ამდენი რამ სმენოდა. ჯერ კიდევ ავადმყოფობამდე ამედეო შევიდა ლივორნოელი მხატვრის-გულიელმო მიქელის სახელოსნოში. წინა დღით როცა ამედეო სახელოსნოში უნდა გამოცხადებულიყო, დედას ასე ჩაუწერია დღიურში:”1 აგვისტოდან იგი მეცადინეობას იწყებს ხატვაში, რისადმიც კარგახანია დიდ მიდრეკილებას ამჟღავნებდა. უკვე მხატვრად წარმოუდგენიათ თავი. რაც შემეხება მე, დიდად არ ვუჭერ მხარს, მეშინია რაკი ამ გზას გაჰყვება სწავლა არ მიატოვოს. მაგრამ მაინც გადავწყვიტე შევუსრულო სურვილი. როგორმე უნდა დავეხმარო, რათა სძლიოს უხალისობასა და მოწყენილობას, რამაც მეტად თუ ნაკლებად ყველას დაგვრია ხელი. " ამედეოსთან ერთად მიქელისთან სწავლობდნენ:ოსკარ გილია, ჯინო რომიტი, ბენვენუტო ბენვენუტი, რენატო ნატალი, არისტიდე სომატი, ლანდო ბარტოლი, ვინციო და კიდე კიდევ რამდენიმე დამწყები მხატვარი. ერთ მშვენიერ დღეს ამედეომ გამოუცხადა დედას, რომ გადაწყვეტილი აქვს მიატოვოს ლიცეუმი და ამიერიდან მთლიანად მიეცეს მხატვრობას.
დედის დღიურში ჩნდება 1899 წლის 10 აპრილის ჩანაწერი:”დედომ მიატოვა ლიცეუმი და აღარაფერს აკეთებს გარდა ხატვისა. სამაგიეროდ ხატავს მთელი დღე და ყოველდღე შეუნელებელი გატაცებით, რაც კიდეც მაოცებს და კიდეც მახარებს. თუკი ასეთი მეცადინეობითაც ვერაფერს მიაღწია, მაშესადამე იმედიც გადაწურული უნდა იყოს. მასწავლებელი კმაყოფილია. მე ამისი არაფერი გამეგება, მაგრამ მგონია სამი თუ ოთხი თვის მეცადინეობის შემდეგ საკმაოდ გაიწაფა ხელი და კარგად ხატავს.”მაგრამ 1900 წლის ზამთარში ფილტვების ტუპერკულიოზის უეცარმა აფეთქებამ შეწყვიტა მისი მეცადინეობა მიქელისთან.



  1899 წელს მოდილიანი ტიფით დაავადდა. ამ დაავადებასთანაა დაკავშირებული მასზე არსებული ლეგენდები, თითქოს მას ბოდვისას ხილვები ჰქონდა, რომ მისი მოწოდება მხატვრობა იყო. ყოველი შემთხვევისთვის, ასე აღწერს თავისი შვილის ისტორიას ევგენია გარსენი ,,ბიოგრაფიულ პორტრეტში”, რომელიც მან 1924 წელს ერთ -ერთი მწერლის პოლია ალექსანდრას თხოვნით დაწერა.














                                         სალვადორ დალი








XX საუკუნის დასაწყისში მხატვრობაში მრავალი ახალი მიმდინარეობა გაჩნდა. მხატვრები სულ უფრო თამამ ექსპერიმენტებს ახარციელებდნენ, რასაც მათი თანამედროვე ცხოვრება და ხელოვნებასთან დაკავშირებული ახალი თეორიებიც უწყობდა ხელს. ამ მოვლენას ზოგჯერ "ავანგარდულ” მხატვრობას უწოდებდნენ. ამ სტილის მხატვრებმა კიდევ ერთი მოძრაობა "სურეალიზმი” შექმნეს. მათი შტაგონება იყო ადამიანის გონება, მისი არაცნობიერი ნაწილი და სიზმრები. სურეალიზმზე დიდი გავლენა მოახდინა ცნობილი ფსიქიატრის ზიგმუნდ ფროიდის თეორიებმა.ამ მიმდინარეობას ერთ-ერთი უძლიერესი ფანტასტი, სურეალისტი და იმპრესიონისტია სალვადორ ფელიპ ჟასნტ დალი დომენიკი (ესპ. შალვადორ Fელიპ ჟაცინტ Dალი Dომენიცჰ) (* 11 მაისი, 1904, ფიგერასი, კატალონია _ 23 იანვარი, 1989, ფიგერასი) ესპანელი მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი და სკულპტორი, სიურეალიზმის წარმომადგენელი.
სალვადორ დალი დაიბადა 1904 წლის, 11 მაისს ესპანეთში. კატალონიურ ქალაქ ფირეგასში, ნოტარიუსის იჯახში. სახვითი ხელოვნების შესწავლა დაიწყო მუნიციპალურ სამხატვრო სკოლაში. 1914 წლიდან 1918 წლამდე აღზრდას გადიოდა მშობლიურ ქალაქში მარისტების ორდენის აკადემიაში.
1916 წელს არდაგეგებზე გაემგზავრა ქალაქ კადაკესში, სადაც ეზიარა მოდერნისტულ ხელოვნებას. დალის პირველი პერსონალური გამოფენა 1919 წელს მოეწყო. 1921 წელს მამამ გადაწყვიტა ჭაბუკი სალვადორი მადრიდში გაეგზავნა, რათა მას ესწავლა სან-ფერნანდოს აკადეაში დედაქალაქში დალი გაიცნო ესპანური ხელოვნების ისეთი წარმომადგენლები როგორიცაა ლუის ბენიუელი, ფედერიკო გარსია ლორკა და პედრო გარფიასი. მადრიდში დალი საკუთარ ნახატებში კუბიზმისა და დადაიზმის შერწყმას ცდილობს 1926 წელს სალვადორს აკადემიიდან რიცხავენ ქედმაღლობისა და პედაგოგებისადმი დაუდევრობის ბრალდებით იმავე წელს დალი პირველად მიამგზავრება პარიზში, სადაც პაბლო პიკასოს ეცნობა. საკუთარი სტილის ძიებაში დალი 1920_იანი წლების ბოლოს პიკასოსა და ხუან მიროს შემოქმედების ზეგავლენით ქმნის საკუთარ ნამუშევრებს. 1929 წელს ლუის ბენიუელთან ერთად მონაწილეობას იღებს სიურეალისტური ფილმის "ადნალუსიელი ძაღლის” შექმნაში. სწორედ მაშინ ხვდება პირველად იგი თავის მომავვალ მეუღლე გალას
(ესენე დიაკონოვა), რომელიც იმდროისთვის ფრანგი პოეტის პოლ ელუარის მეუღლე გახლდათ.
დალის ნახატების სხვადასხვა გამოფენებზე მონაწილეობენ. 1929 წელს დალი ანდრე ბრეტონის მიერ შექმნილ სიურეალისტების ჯგუფში ერთიანდება
1934 წელს დალი ოფიციალურად ქორწინდება გალასთან. იმავე წელს ის პირველად ეწვია აშშ-ს. ესპანეთში ფრანკოს მიერ ძალაუფლებას ხელში ჩაგდების მერე დალი უთანხმოებაში მივიდა "
სიურეალისტების ჯგუფებთან”, რომლებიც მემარცხენე აზრებს იზიარებდნენ. დალი გარიცხეს ჯგუფიდან. სწორედ მაშინ წარმოთქვა:”სიურეალიზმი-ეს მე ვარ”. ამასთან დაკავშირებით ანდრე ბეტონმა დალის უწოდა "Aვიდა Dოლლს”, შექმნა რა მისი სახელისა და გვარისაგან ანაგმამა.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე დალის მეუღლესთან ერთად აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მან ცხოვრების 9 წლიანი პერიოდი დაჰყო 1940 წლიდან 1948 წლის ჩათვლით 1942 წელს იგი გამოსცემს ავტობიოგრაფიულ რომანს "სალვადორ დალის საიდომლო ცხოვრება” მისი ლიტერატურული ცდები ისეთIვე წარმატებული აღმოჩნდა, როგორც მხატვრული წიგნი ბესტსელერად იქცა.
ესპანათს დაბრუნების შემდეგ დალიმ შობლიურ ფიგერაში დასახლდა. 1981 წელს სალვადორ დალი დაავადდა პარკინსონის დაავადებით. 1982 წელს კი გარდაეცვალა მეუღლე გალა. სალვადორ დალის ოსტატურად შესრულებული სურათებია: "მეხსიერების მუდმივობა” 1931 წელს . ინახება თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, რომელიც ნიუ-იორკში მდებარეობს;
"ცეცხლმოდებული ჟირაფი” 1935 წელს,
რომელიც ბაზების კოლექციის ერთ-ერთი ნიმუშია.
"საიდუმლო სერობა” 1955წ, რომელიც ინახება ვაშინგტონის ხელოვნების ეროვნულ გალერეაში.
სალვადორ დალის ნაწარმოებები წარმოადგენს კოშმარულ ფანტასმაგორიებს, ზმანებებს. მის შემოქმედებაში მკაფიოდ ჩანს იდეური რეაქციულობა და ბურჟუაზიული საზოგადოების ესთეთიკური ინტერესებისათვის ნავარაუდევი სპეკულაცია პოლიტიკურ და რელიგიურ თემებზე.
სალვადორ დალისთვის დამახასიათებელი ექსცენტრიულობით ერთხელ ლექციაზე სტუდენტების წინაშე ძველ საყვინთავ კოსტიუმში გამოცხადდა ორი ნაგაზის თანხლებით.
ალბათ არ მოიძებნება მეორე ისეთი მხატვარი, რომლის ცხოვრების შესახებაც ამდენი მითი იყოს შექმნილი. დალი თვითონ უკეთდებდა პროვოცირებას იმ სკანდალებს, რაც მისი გარშემო ხდებოდა. მისი ცნობილი ნამუშევრებია:
აპარატი და ხელი;
გამჭვირვალე ძროხა;
მობანავე ქალი;
ქალისა და ცხოველის სინბიოზი;
სიურეალისტური კომპოზიცია;
დაუკმაყოფილებელი სურვილები;
პოლ ელუარის პორტრეტი;
უჩინმაჩინი კაცი;
ფანტასმაგორა;
დიდი მასტურბატორი;
ვილჰელმ ტელის გამოცანა;
რბილი სათები;
ვერმერ დელფტელის მოჩვენება;
მედიტაცია საყრდენით;
უხილავი საყრდენით;
ბინდის ატავიზმი;
თროპომორფული სეკრეტები;
ტელეფონი - ომარი;
დივანი "მეი უესტის ტუჩები”;
ვენერა მილოსელი ყუთებით;
დიდი პარანიიკი;
ქალის თავი ბრძოლის სახით;
უცნაუროდები;
მეხსიერების მუდმივობა;
სფეროების გალათეა;
რბილი საათი აფეთქების პირველ წამს; სალვადორ დალის ეკუთვნის გამოთქმა: "ყველაზე საინტერესო მსოფლიოში – ეს მე და გალა ვართ, მეორე ადგილზე მე ვარ, მესამეზე კი – სხვა ყველაფერი, რა თქმა უნდა ჩემი და გალას ჩათვლის”
სალვადორ დალიმ 1969 შექმნა "ჩუპა ჩუპსის” ლოგოტიპი და სლოგანი.
სალვადორ დალი ასე ევედრებოდა პაბლო პიკასოს: "პიკასო ესპანელია. მეც ესპანელი ვარ. პიკასო გენიოსია. მეც გენიოსი ვარ. პიკასოს ყველა ქვეყანაში იცნობენ. მეც მიცნობენ. პიკასო კომუნისტია მე კი – არა”.








                                  












                                                       გოია
  


მის მშობლიურ ესპანეთში მეტად ბევრი კოცონი ენთო და ბევრი ორპირი მახვილი ილესებოდა. ტავრომარქია შორს სცილდებოდა ამ თავისებური ცირკის არენას. ლიტერატურა და ხელოვნება ჩლუნგ მონარქიასთან და შავ ინკვიზიციასთან ბრძოლაში იწრთობოდა, მაგრამ მათი მწვერვალები ელვარებითა და ფერთა სიუხვით გვაოცებენ.


გოია ოც წელს გადაცილებული იყო, როვა ესპანეთიდან იეზუიტების განდევნა მოხერხდა(ინკვიზიციის კლასიკურ ქვეყანაში ფრანგ განმანათლებელთა იდეები იჭრება , არსდება ეროვნული აკადემია. მან ხელი შეუწყო ხელოვნების ახალ აღმავლობას.


1700 წელს კვდება უკანასკნელი ჰაბსბურგი, გონება სუსტი კარლოსი და ტახტზე ადიან ბურბონები.ოქროს საუკუნეს სცვლის რკინის საუკუნუნე. ეროვნული ხელოვნება პროკრუსტეს სარეცელზე წევს.ამ მოდუნების შემდეგ გამოდის ცეცხლოვანი ფრანსისკო ხოსე დე გოია ი ლუსიენტეს. სწორედ ისაა ესპანეთის მემკვიდრე.


ელ გრეკოსა და ველასკესის ქვეყანაში ძნელი იყო ბუმბერაზის სახელის მოხვეჭა.სისხლსავსე სიცოცხლის გაბედული ასახვით ნმოიხვეჭა ის გოიამ.


სარაგოსას მახლობლად მდებარე ერთ პატარა სოფე დე ტოდოსში ფეხადგმულმა ყმაწვილმა ადრევე აირჩია ხელოვნების ეკლიანი გზა. მას ვინმე ტინესმა ასწავლა ხატვა თუმცა ვერაფერი, თუმცა ექვსი წელი აწავლიდა, რომელიც ახალ გზებს ეძებდა, ორჯერ სცადა აკადემიაში მოხვედრა, უშედეგოდ.


გოია უფრო ვენერას სცემდა თაყვანს, ვიდრე აპოლონს. მისი ტანამგზავრები სიყვარული, დუელი, შური და ხიფათი იყო.


მან რომს მიაშურა. გოია გულგრილად შესცქეროდა რაფაელის ფრესკებს, დუმილით უმზერდა მიქელანჯელოს, ზურგს აქცევდა თვით ლეონარდოს... მხოლოდ ორმა პაპმა მიიპყრო მისი ყურადღება: ინოკენტი მეათემ-ველასკესის პორტრეტმა და ბენედიქტ მეოთხემ, რომლის პორტრეტი სამ საათში დახატა თვით გოიამ. მისი დიდება რომს მოედო.მას რუსეთის ელჩი ეკატერინეს კარზე იწვევდა, მაგრამ გოიამ უარი განაცხადა.


1770-71 წლებში მოიარა რომი, ნეაპოლი, პარმა... ის სანამ სახელს მოიხვეჭდა იქამდე ის მკლავით ირჩენდა თავს. ის ტორეადორადაც კი ჩაეწერა ხართან საბრძოლველად. ჭაბუკს ბედამა გაუღიმა და პარმის აკადემიის მეორე პრემია მიიღო სურათისათვის ,, ჰანიბალი ალპებოდან დასცქერის იტალიას".


მან ძალზე მძიმე ამოცანა დაისახა: მონასტრიდან საყვარელი ქალის წამოყვანა გადაწყვიტა და ამჯერად ქვეყნის დატოვება მოუხდა. შინ დაბრუნებულმა ცოლი შეირთო, დადინჯდა და მადრიდში გადასახლდა. მადრიში ცნობილმა ოსტატმა და სეხნიამ, ფრანსისკო ბაიუმ სამეფო, მანუფაქტურისათვის, წმ.ბარბარეს ხალიჩების ფაბრიკისათვის კარტონების დამზადება დაავალს. ეს სააპატიო შეკვეთა გზას უხსნიდა სასახლისკენ. გოიამ 43 კარტონი შეასრულა. აკადემიამ უკვე აღიარა.


1780 წელს ,, ჯვარცმისათვის" 34 წლის ოსტატს აკადემიკოსის წოდება მიენიჭა. 1788 წელს ტახტზე ასული კარლოს IV, დაიახლოვა გოია. მისი დავალებით შესრულებული სურათებიდან ცნობილია ,, იუდას კოცნა". გოიას მთელი ესპანეთი აღიარებს.


1789 წელს საფრანგეთში რევოლუვიამ იფეთქა. ტახტიდან ჩამოაგდეს და რამდენიმე წლის შემდეგ თავი მოკვეთეს ლუდოვიკო XVI. ესპანეთის მონარქეები შიშის ზარმა მოიცვა, ჯარები გააგზავნეს, ისევ რეაქცია გამეფდა. აღდა ინკვიზიცია, დააბრუნეს იეზუიტები.


გოია 43 წლისაა. ფუნჯის ტორეადორი ბორგავს, მძლავრი მონასმით ქმნის ადამიანის დიდების ამსახველ ტილოებს, მრისხანე სატირული სახეების მთელ სერიას. ესაა ოფორტები- ,,კაპრიჩოსი" (,,კაპრიზები", ,,ლაღი ფანტაზია"). მან ამის შემდეგ გამოაცხადა: ,, ჩემი მასწავლებლები იყვნენ ველასკესი, რემბრანტი და ბუნებაჩ. იწერება ,,ინკვიზიციის სხდომა"... გოია წინ მიიწევს. 1780 წელს ერთხმად ირჩევენ მადრიდის დე სან ფერნანდოს სახელობის ხელოვნებათა აკადემიის წევრად; 1785 წელს მისი ვიცე-დირექტორი გახდა; 1789 წელს- მადრიდის სამეფო კარის მხატვარი;


1792 წელს გოიას მდიმე სნეულება შეეყარა. თუმცა გადარჩა, მაგრამ 46 წლის ხელოვანს დაეწყო სმენის დაქვეითება, რაც თითქმის სრული დაყრუებით დამთავდა.


1795 წელს- ფერწერის კლასების დირექტორი(პრეზიდენტი); იმავე წმ.ფერნანდოს აკადემიაში, სადაც მოწაფედაც კი არ მიიღეს.


1799 წელს იღებ სამეფო კარის პირველი მხატვრის წოდებას ოფორტების დიდი სერია ,,კაპრიჩოსიჩ, გოიამ მეფეს მიართვა. მას ასეთ სურათებისათვის ტორკვემადა კოცონზე უკრავდა თავს. ინკვიზიტორებს არც ახლა ეძინათ. მეფემ ან ვერ გაიგო სურათის შინაარსი, ან დუმილი ამჯობინა.


1800 წელს შესრულდა ,, მეფე კარლო IV ოჯახი", გენიალური ქმნილება, ,,XVIII საუკუნის გოიასშემოქმედებითი გვირგვინი".


1808 წელს ნაპოლეონის არმია საზეიმო მარშით შევიდა მადრიდში ისე, რომ თოფიც არ გაუსვრია. გაყიდული ესპანეთი საფრანგეთის იმპერატორის ფეხთით განერთხო. მომდევნო დგეებში მოხდა შეტაკება, ქუჩა-მოედნები სისხლით შეიღება.2 მაის ,ღამით, ქალაქის კედლებთან მრავალი პატრიოტი დახვრიტეს.


1814 წელს ნაპოლეონი განდევნეს, მაგრამ ტახტზე ასულმა ერდინანდ VII-მ ისევ მეამბოხეები დახვრიტა, კონსტიტუცია გააუქმა, რეაქციამ კვლავ აუშვა თავი. გოიას გული ეკუმშებოდა. მან ინახულა ბრძოლის ველი და დახატა ,,1808 წლის 2-3 მაისის დახვრეტა". გოიას ეროვნული ტილო ახალი სიტყვაა მხატვრობის ისტორიაში, მთელი XIX საუკუნის ისტორიული მხატვრობის უდიდესი მონაპოვარია.


არანაკლებია დიდი სერია ,,ომის საშინელებანი" (,,დესასტრეს დელა გვერა") რაც მთელი ათი წლის განმავლობაში იქმნებოდა(1810-1820).


,,კაპრიჩოსსა" და ,, ომის საშინელებას " მოყვა გრაფიკული ციკლი ,,ტავრომარქია" (ხარების ბრძოლა-1815 წელი).


გოია, საოცარი მრავალფეროვანია, ცხოვრების ყველა სფეროს მომცველი და გაბედული ამსახველი უნივერსალური მაშტაბისა და გაქანების შემოქმედი, რომლის სადარია გენია, მურილიოს და ველასკესის შემდეგ, არა ჰყოლია ესპანეთს ასეთი შვილი.ამავე დროს საოცრად ახამებდა ჯანრებს ( ყოფითი, ისტორიული,პორტრეტი...) და ფლობდა ტექნიკურ საშუალებებს, ხერხს და მასალას ( ოფორტი, გრავურა, ლითოგრაფია – საერთოდ, გრაფიკა; პანო, ფრესკა,ტილო...). იგი იყო დიდი რეალისტი და იგავმიუწვდომელი ფანტასტი. ეს იგრძონობა ცალკეულ სურათებში, პორტრეტებში, ,,ყრუს სახლი"-ს პანოებში, ,,კაპრიჩოსის" და "დისპარეტის" ბრწყინვალე სერიაში.


დამაფიქრებელია მისი ,,შავი სურათები" : ,,მფრინავი კაცი და ქალი", ,,ორსახოვანი ნიღბებით გარემოცული დედაკაცი", ,,ფრთოსანი კაცები", ,,პირღიაძაღლი", ,,პირღია ტანჯული სახეები", ,,სისხლიანი კაცუნა, რომელასაც ხარბი სატურნი ჭამს"...


1824 წელი. ტორეადორი 78 წლისაა, მაგრამ არა მოხუცი. მას თითქმის აღარ ესმის, ვეღარ ხედავს, მაგრამ იცის სადაა მზე და სადაა ფუნჯი. სხვა რა უნდა მხატვარს?


გოია პარიზიდან ბორდოში წავიდა, იქვე დამკვიდრდა და იქვე დალია სული ისე, რომ ბოლო ოთხ წელიწადში მხოლოდ ერთხელ ინახულა მადრიდი. 82 წლის ხელოვანმა ფუნჯი მხოლოდ გარდაცვალების დროს დააგდო ხელიდან. ეს მოხდა 1828 წლის 16 აპრილს, გაზაფხულზე. მან ან ბორდოში ,, ბორდოსელი ხარების" სერია შეასრულა. დიდმა ტორეადორმა ამ სურათებით ადრინდელი ,,ტავრომარქიაც" კი დაჩრდილა.


გოეთე და გოია ისევე საღად აზროვნებდნენ როგორც სიჭაბუკეში.







www.geofresh.ucoz.com